logo
ENG



მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების მატებას "უპასუხისმგებლო აქციებს" აბრალებს

24 ნოე 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების მატებას "უპასუხისმგებლო აქციებს" აბრალებს. იგი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის გამოსვლებისას, სადაც ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, იქ მყოფ მონაწილეებს წესების არდაცვისკენ მოუწოდებდნენ. 

"ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც საარჩვენო პროცესის შემდგომი აქტივობა, მე ვგულისხმობ იმ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს, რომელიც არა მხოლოდ არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს რომ პირბადე გამოეყენებინათ, პირიქით, დაუმორჩილებლობის პროტესტის სახით იყო...

როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, ვხედავთ, რომ არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაა, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს აისახოს იმ რიცხვებში, რაც გვაქვს. სწორედ, ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

მანვე აღნიშა, რომ მომავალში შეეძლებათ, მსგავსი რამ "არ დაუშვან".

"როდესაც ჩვენ ვიცით, რა მიზეზი იყო, შეგვიძლია ამ მიზეზზე რეაგირება, პრევენცია, შემდგომში იმის არდაშვება, რათა არ განმეორდეს იგივე.

კონსტიტუციურად, ვერ შევზღუდავთ გამოხატვის უფლებას, თუმცა ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია, ამ გამოხატვის დემონსტრირების დროს დაიცვას ის წესები, რაც დაიცავს მასაც და თანამოქალაქესაც", - თქვა მინისტრმა. 

ქუჩის აქციებს დაუკავშირა ინფიცირებულების რაოდენობა მე-9 მოწვევის ჯანმრთელობის დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემაც.

"ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ისინი არ აღიარებენ შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

31 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტიებმა რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს, სადაც ლიდერები ტრიბუნიდან მოუწოდებდნენ მონაწილეებს, გაეკეთებინათ პირბადე. 


close დახურვა